ეს წიგნი კარგად აჩვენებს, რომ „ფსბ“ და კრემლი, პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის დროიდან მიყოლებული, ხოცავდნენ და იწყებდნენ ომს, რათა ძალაუფლება გაეძლიერებინათ. მათ სახლები დაბომბეს და ასობით მძინარე რუსი დახოცეს, რათა მომხდარში ჩეჩნები დაედანაშაულებინათ, მათ მიმართ ზიზღი გამოეწვიათ და შემდეგ ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაემართლებინათ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სწორედ ის უწყება, რომელიც ბომბავდა და თავს ესხმოდა ჩეჩნებს თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, ტანკებით. იხოცებოდნენ ბავშვები, ქალები და მოხუცები, ნადგურდებოდა სოფლები. ეს კი დაიწყო 1999 წელს, როდესაც - პრეზიდენტი რომ გამხდარიყო - პუტინს ომი სჭირდებოდა. ეს არის სიმართლე ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში მომხდარის შესახებ. ყველაფერს კი ნათელი მოჰფინა რიაზანის ბომბმა, რომელიც არ აფეთქდა. ეს არის ასევე ამბავი, რომელიც ადასტურებს, რომ კრემლი და პუტინი გამოუცხადებელ ომებშიც ხოცავდნენ, კლავდნენ, ცრუობდნენ და იბრძოდნენ. უფრო მეტიც, მათ, ვისაც კარგი მეხსიერება აქვთ, იციან, რომ ეს მხოლოდ პუტინსა და „ფსბ“-ს არ ეხება. ეს ეხება კრემლს და რუსეთს ზოგადად. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ აფხაზეთის 1992 წლის ომი თითქმის განმეორდა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში. მადლობა რუს მეცნიერსა და მწერალს სვეტლანა ჩერვონნაიას, რომელმაც პატიოსნად დაწერა რუსეთის იმ დროის ბნელით მოცული ამბების შესახებ. სიმართლეზე კომპრომისის დაუშვებლობის ტრადიციის მიმდევრები არიან ლიტვინენკო და ფელშტინსკიც.
რუსეთის ხელისუფლებამ წიგნის კონფისკაცია მოახდინა იმ მიზეზით, თითქოს იგი სახელმწიფო საიდუმლოებებს ამჟღავნებდა.
წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ალექსანდრ ლიტვინენკო, 2006 წელს პოლიტიკური მოტივით ლონდონში მოკლეს, სავარაუდოდ, „ფსბ“-ს აგენტებმა - ანდრეი ლუგოვოიმ, რომელიც ახლა რუსეთის დუმის დეპუტატია და დმიტრი კოვტუნმა. თუმცა სიმართლის მოკვლა შეუძლებელია და შესაბამისად, დიდი პატივია ალექსანდრ ლიტვინენკოს წიგნის გამოცემა.
ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენი, შესაბამის მასალებზე დაყრდნობით, არა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ დანაშაული ლუგოვოიმ და კოვტუნმა ჩაიდინეს, მოხსენებაში 2016 წლის 21 იანვარს მან განაცხადა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის ოპერაცია „ფსბ“-ს, სავარაუდოდ, პატრუშევთან და პრეზიდენტ პუტინთან ჰქონდა შეთანხმებული. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ამის გამო დაგმო პუტინი, რომელიც „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მკვლელობებს“ ხელმძღვანელობს.
|
ISBN: ISBN 9789941080081
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 381
გამოცემის წელი: 2016
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 350 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|